2024 წლის 25 ივნისს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ იტალიის ქ. პადოვას უნივერსიტეტის გეომეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი ბერნარდო ჩეზარე და ამავე დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ომარ ბარტოლი. მათ ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ფართო გეოლოგიურ საზოგადოებას წაუკითხეს ლექციები თემებზე: „დნობის ჩანართები მიგმატიტებში და გრანულიტებში" (პროფესორი ბერნარდო ჩეზარე) და „ცხელ ქანებთან მუშაობა: გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები" (პროფესორი ომარ ბარტოლი).
სემინარს ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. აუდიტორია აქტიურად ჩაება სემინარის მუშაობაში; კითხვა-პასუხის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
აღნიშნული სემინარი ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ლღობისა და მეტამორფიზმის თერმული კონტროლი კავკასიონზე (საქართველოს ფარგლებში)“, № FR-22-11295, ფარგლებში.