1925 წ. 25 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის ბაზაზე, სორბონის და ყაზანის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ახალგაზრდა პროფესორის ალექსანდრე ჯანელიძის ინიციატივით, დაარსდა გეოლოგიის ინსტიტუტი. იგი იყო გეოლოგიური პროფილის ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1941 წელს ინსტიტუტი შევიდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 2006 წელს გადავიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო 2010 წლიდან კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია.
გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებამდე, მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან, კავკასიისა და მათ შორის საქართველოს ტერიტორას იკვლევდნენ ფრანგი გეოლოგები დიუბუა დე მონპერე, ე. ფავრი და ე. ფურნიე, ხოლო განსაკუთრებით ნაყოფიერად და ხანგრძლივად ̶ გერმანელი გეოლოგი ჰერმან აბიხი. მე-20 საუკუნის ოციანი წლების დასაწყისიდან, ამ რეგიონს შეისწავლიდნენ რუსეთის გეოლოგიური კომიტეტის კავკასიის სექციის გეოლოგები ვ. რენგარტენი, ა. აგალინი, კ. პაფენგოლცი, ბ. მეფერტი, ნ. ვასოევიჩი და სხვები. ამავე პერიოდიდან საქართველოს და შემდგომ კავკასიისა და მისი მომიჯნავე ტერიტორიების გეოლოგიური აგებულების დეტალურ შესწავლას ქართველი გეოლოგები ახორციელებდნენ.
გეოლოგიის ინსტიტუტის (მაშინ გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტი) პირველი მეცნიერ თანამშრომლები იყვნენ: ა. ჯანელიძე (დირექტორი), კ. გაბუნია, გ. სმირნოვი, ნ. ყიფიანი, გ. წულუკიძე. შემდგომ წლებში, ინსტიტუტი თანდათან ივსებოდა ახალგაზრდა კადრებით და ფართოვდებოდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მასშტაბები. 40-იან წლებში ინსტიტუტში უკვე არსებობდა რამდენიმე ლაბორატორია, მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი და მდიდარი სპეციალური ბიბლიოთეკა.
თავიდან, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა ძირითადად სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის მიმართულებით. შემდგომში, სამეცნიერო-კვლევითი ამოცანების გაფართოების კვალდაკვალ, კვლევები დაიწყო სხვა დარგებშიც. კერძოდ, რეგიონულ გეოლოგიაში, ტექტონიკაში, მინერალოგიაში, პეტროლოგიაში, ლითოლოგიაში, ვულკანოლოგიაში, ჰიდროგეოლოგიაში და სხვ. გასული საუკუნის 40-იანი წლებისთვის, ინსტიტუტში ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბდა თვითმყოფადი ქართული გეოლოგიური სკოლა. ამ სკოლის შემქმნელებად სამართლიანად ითვლებიან პალეონტოლოგი, სტრატიგრაფი და ტექტონისტი ა. ჯანელიძე, მინერალოგი და პეტროგრაფი ა. თვალჭრელიძე და სასარგებლო ნამარხების სპეციალისტი კ. გაბუნია.
მე-20 საუკუნის შუა წლებში, ინსტიტუტში მონოგრაფიების სახით გამოქვეყნდა ფუნდამენტური გამოკვლევები სტრატიგრაფია-პალეონტოლოგიასა და რეგიონულ გეოლოგიაში (ა. ჯანელიძე, ი. კახაძე, პ. გამყრელიძე, ი. კაჭარავა, მ. ერისთავი, ა. ცაგარელი), პეტროლოგიაში (გ. ზარიძე, ნ. თათრიშვილი, შ. ჯავახიშვილი, ს. ჩიხელიძე), ვულკანოლოგიაში (გ. ძოწენიძე, ნ. სხირტლაძე), მინერალოგიაში (გ. გვახარია). ამ შრომებმა შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების დეტალური შესწავლისათვის. შემდგომ, გეოლოგიური კვლევა გააგრძელეს მათმა მოწაფეებმა და მათი სამეცნიერო მიღწევებით, ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს.
ამჟამად, გეოლოგიის ინსტიტუტში კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით, ძირითადად, თანამედროვე გეოლოგიური თეორიის ფილების ტექტონიკის საფუძველზე. ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისიდან, გეოლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა თანამშრომლები ცდილობდნენ ამ თეორიის ძირითადი დებულებების დამტკიცებას ისეთი უნიკალური ბუნებრივი ლაბორატორიის მაგალითზე, როგორიცაა კავკასია და მისი მომიჯნავე ალპურ-ჰიმალაიური მობილური სარტყლის სხვა რეგიონები. პირველ რიგში, ეს იყო ამ რეგიონის ალპურამდელი და ალპური გეოდინამიკური ევოლუციის, ტექტონიკური, მათ შორის შარიაჟული, სტრუქტურების წარმოშობის მექანიზმის, დედამიწის ქერქის უახლესი და თანამედროვე ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოძრაობების მიმართულებისა და სიჩქარის და სეისმოგენერირებადი რღვევების შესწავლა. ამავე დროს, გრძელდებოდა და ამჟამადაც მიმდინარეობს მაკრო და მიკრო ნამარხი ორგანიზმების სისტემატიკისა და სტრატიგრაფიული მნიშვნელობის შესწავლის საფუძველზე, საქართველოს ფანეროზოული ნალექების დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება და მათი პალეოგეოგრაფიული კვლევა, მეტამორფიზმისა და გრანიტწარმოშობის პროცესების პეტრომინერალოგიური, გეოქიმიური და გეოქრონოლოგიური შესწავლა და ამ ქანების წარმოშობის გეოდინამიკური პირობების განსაზღვრა. ხორციელდება, აგრეთვე, დანალექი ქანების და ვულკანური წარმონაქმნების პეტროლოგიური და ლითოლოგიური კვლევა, საქართველოს ტერიტორიაზე მაგმური და მადანწარმოშობის პროცესების გეოქიმიური შესწავლა და მეტალური და არამეტალური საბადოების გეოლოგიის კვლევა, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა და საქართველოს მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროქიმიური კვლევები, საბადოთა შესწავლა-შეფასება, მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენა.
ამჟამად გეოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონირებს ხუთი სამეცნიერო განყოფილება:
- სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება;
- ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება;
- პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილება;
- სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიისა და გეოქიმიის განყოფილება;
- გარემოს დაცვის განყოფილება.
განყოფილებებში მიმდინარეობს შემდეგი სამეცნიერო პროექტების დამუშავება:
- სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი აკადემიკოსი მ. კაკაბაძე)
პროექტი: საქართველოს მეზოზოური და კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფია.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი კვლევები:
- საქართველოს ქვედა- და შუაიურული ნალექების სტრატიგრაფია;
- საქართველოს ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფია;
- კავკასიონის და მცირე კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის ზედაცარცული და პალეოგენური ნალექების ბიოსტრატიგრაფია, პალეოეკოლოგია და პალეოგეოგრაფია ნანოპლანქტონის მიხედვით;
- საქართველოს მიოცენური ნალექების ბიოსტრატიგრაფია.
- ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი აკადემიკოსი ე. გამყრელიძე)
პროექტი: ტექტონიკური დეფორმაციები და საქართველოსა და მომიჯნავე რეგიონების გეოლოგიური და გეოდინამიკური ევოლუცია.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი კვლევები:
- სხვადასხვა ასაკის, რიგის, მორფოლოგიისა და გენეზისის ტექტონიკური სტრუქტურები და მათი წარმოშობის მექანიზმის კვლევა;
- დედამიწის ქერქის უახლესი (ნეოტექტონიკური) და თანამედროვე მოძრაობების ხასიათისა და სიჩქარის დადგენა საქართველოს ტერიტორიაზე;
- საქართველოს ოლისტოსტრომული კომპლექსები და მათი გეოლოგიური მნიშვნელობა;
- მეზოზოურ-კაინოზოური ოროგენული ფაზისების გამოვლინების დროის და ხანგრძლივობის დადგენა;
- კავკასიონის სამხრეთი ფერდობის აღმოსავლეთი სეგმენტის პალინსპასტიკური რეკონსტრუქციები&ნბსპ;მეზოზოურ–კაინოზოური პერიოდისთვის;
- საქართველოს მოლასური როფების სტრუქტურული ევოლუცია და სიღრმული აგებულება გეოლოგიურ-გეოფიზიკური მონაცემების საფუძველზე და კრისტალური ფუნდამენტის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა;
- საქართველოს ტერიტორიის მეზოზოური და კაინოზოური დროის გეოდინამიკური ევოლუცია კავკასიის გეოდინამიკურ ევოლუციასთან კავშირში.
- პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელიაკადემიკოსი დ. შენგელია)
პროექტი: მაგმატიზმი და მეტამორფიზმი საქართველოს ტერიტორიაზე.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი კვლევები:
- კამბრიულამდელი და პალეოზოური მაგმატიზმი;
- მეტამორფული წარმონაქმნების კომპლექსური (მინერალოგიური, პეტროგრაფიული და პეტროგეოქიმიური) შესწავლა;
- საქართველოს კრისტალინიკუმის მსხვილმაშტაბიანი (1:50 000) რუკების შედგენა;
- საქართველოს კამბრიულამდელი და ფანეროზოური მაგამატიზმისა და რეგიონული მეტამორფიზმის პეტროგენეტური და გეოდინამიკური მოდელების შექმნა;
- მეზოზოური ინტრუზიული და ეფუზიური მაგმატიზმი;
- კაინოზოური ინტრუზიული და ეფუზიური მაგმატიზმი;
- ცარცული და პალეოგენური ეფუზიური სერიები; ცარცული და ეოცენური ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნების კვლევა; ნეოგენურ-ანთროპოგენური ეფუზივები.
- 4. სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიისა და გეოქიმიის განყოფილება (ხელმძღვანელი მეცნ. დოქტორის. კეკელია)
პროექტი: მადანწარმოშობა საქართველოს ტერიტორიაზე.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი კვლევები:
- ვულკანოგენური ეპიგენეტური საბადოების გეოლოგიურ-გენეტური მოდელის შექმნა;
- ბოლნისის&ნბსპ;რაიონში ოქროსა და სპილენძის პოტენციალის დადგენა;
- აჭარა-თრიალეთის დასავლეთინაწილის ოქროს პოტენციალის დადგენა;
- გურიის ოქროს გამოვლინებების შესწავლა და აჭარა-თრიალეთის პოტენციალის შეფასება ოქროზე;
- მეტალოგენური და პროგნოზული რუკების შექმნა ოქროსშემცველი რაიონებისათვის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე;
- კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ოქროს პოტენციალის შეფასება (საქართველოს ფარგლებში);
- კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ჰიდროთერმულ-დანალექიმადანგამოვლინებების შესწავლა;
- ჰიდროთერმულ-დანალექი პოლიმეტალური საბადოებისათვის გეოლოგიურ-გენეტური და ძებნითი მოდელების შემუშავება;
- კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ჰიდროთერმულ-დანალექი სპილენძისა და პოლიმეტალური საბადოების აღმოჩენის ალბათობის შეფასება საქართველოს ფარგლებში;
- საქართველოსმეტალური საბადოების შესწავლილობის დონის შეფასება და კავკასიის 1 : 500 000 მასშტაბის მეტალოგენური რუკის შექმნა.
- 5. გარემოსდაცვისგანყოფილება (ხელმძღვანელი მეცნ. კანდიდატი ვ. გვახარია)
პროექტი: საქართველოს მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროქიმიური კვლევები, საბადოთა შესწავლა-შეფასება, მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენა;
პროექტი: საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა.
კვლევის შედეგებს აფასებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო 10 წევრის შემადგენლობით (თავმჯდომარე აკად. ე. გამყრელიძე). შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს ინსტიტუტის დირექტორი მეცნ. დოქტორი თ. წუწუნავა.
გარდა ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკის შესრულებისა, თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობდნენ ისეთ მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში როგორიცაა: ტრანსკავკასიური რკინიგზის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰ-დენისის გაზსადენის ტრასების და ჰიდროელექტროსადგურების გეოლოგიური და სეისმოტექტონიკური პირობების დადგენა, მსხვილი სამშენებლო ობიექტების გეოეკოლოგიური პირობების განსაზღვრა და სხვ.; ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შედგენილია კავკასიონისა და საქართველოს სხვადასხვა დატვირთვისა და მასშტაბის საერთაშორისო ციფრული რუკები (ქართულ და უცხოურ ენებზე); ინსტიტუტი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ატლასის შედგენაში; თიხა-ფიქლებიდან ბუნებრივი აირის მიპოვების კონცეფციის შექმნაში; საქართველოს სეისმური და გეოეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციების მომზადებაში. ამჟამად, ინსტიტუტში მიმდინარეობს საქართველოს მეტალური და არამეტალური საბადოების გეოლოგიის კვლევა; სამრეწველო ათვისების მიზნით, შეისწავლება მიწისქვეშა წყლების რესურსები, მათი ჰიდროქიმია და ეკოლოგია; ხდება წყლის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვ.
ინსტიტუტის მონაწილეობით, გამოიცა საერთაშორისო რუკები: კავკასიონის კრისტალური ფუნდამენტის მეტამორფული ფორმაციების რუკა (1:200 000), კავკასიონის კრისტალური ფუნდამენტის მეტამორფული ფაციების რუკა (1:200 000), ევროპის საერთაშორისო ტექტონიკური რუკა (1:500 000), ციფრული რუკები: საქართველოს გეოლოგიური რუკა (1:500 000, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ავტორი გ. გუჯაბიძე, რადაქტორი ე. გამყრელიძე), საქართველოს ტექტონიკური რუკა (1:500 000, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რედაქტორი ე. გამყრელიძე), Metallogenic map of the Caucasus (1:500 000), Metallogenic map of the Lesser Caucasus (1:500 000), ბოლნისის მადნიანი რაიონის ვულკანოგენური რუკა (1:200 000), აჭარის და სვანეთის მეტალოგენური რუკა (1:200 000), პონტიდების მეტალოგენური რუკა (1:500 000), აჭარა-თრიალეთის დასავლეთი ნაწილის მეტალოგენური რუკა (1:200 000), ალავერდის (სომხეთი) ვულკანოგენური რუკა (1:25 000), მერისის მადნიანი კვანძის ვულკანოგენური რუკა (1:25 000), კავკასიის მეტალოგენური რუკა (გეოდინამიკურ საფუძველზე, 1:500 000), ლოქის კრისტალური მასივის გეოლოგიური რუკა (1:50 000), ლოქის კრისტალური მასივის მეტამორფული ფაციესების რუკა (1:50 000) და სხვადასხვა მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის სპეციფიკური დეტალიზებული მსხვილმასშტაბიანი ციფრული რუკები.
გეოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, საქართველოში ჩატარებულია მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ღონისძიება. თავის მხრივ, ინსტიტუტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. ინსტიტუტის მეცნიერები ჩაბმული არიან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის პროცესში და აქვთ პროფესიული კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ცენტრთან. მათ მიერ მოპოვებულია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტი. ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს მიღებული აქვთ მრავალი სახელმწიფო და სახელობითი პრემია და ჯილდო. გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში; ხელმძღვანელობენ სამაგისტრო და სადოქტორო თემებს. 1932 წლიდან ინსტიტუტი გამოსცემს საკუთარ პერიოდულ ნაბეჭდ პროდუქციას. 1965 წლიდან გამოდის ”გეოლოგიის ინსტიტუტის შრომების” ახალი სერია. გეოლოგიის ინსტიტუტში დღეისთვის გამოცემულია ამ სერიის 134 გამოშვება.
გეოლოგიის ინსტიტუტს აქვს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შექმნილია უნიკალური პალეონტოლოგიური მუზეუმი, რომელშიც ინახება მრავალი წლის განმავლობაში მონოგრაფიულად შესწავლილი და გამოქვეყნებული ფაუნისა და ფლორის 130 კოლექცია.
გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ინსტიტუტი ახორციელებს აგრეთვე, გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებს. კერძოდ: საქართველოში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების (ჰესები, ავტომაგისტრალები, რკინიგზა, გვირაბები და სხვ.) მშენებლობის საპროექტო ტერიტორიების კომპლექსური გეოლოგიური შესწავლას, საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის, მათ შორის მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის, სპეციფიკური დეტალიზებული მსხვილმასშტაბიანი ციფრული რუკების შედგენას; თბილისის მიდამოების ახალგაზრდა რღვევების შესწავლას სეისმურ დარაიონებასთან დაკავშირებით; მეწყერსაშიში უბნების გამოყოფას დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში; სხვადასხვა დატვირთვის გეოტურისტული მარშრუტებისა მეგზურების შედგენას საქართველოს ტერიტორიისთვის; საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას გეოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით; საქართველოს ტერიტორიის ამგები ქანებისა და მინერალების მონოგრაფიული ატლასის შედგენას (ფერადი, განმარტებებით) და სხვ. გეოლოგიური კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში ხორციელდება მრავალპროფილიანი ანალიტიკური მომსახურება მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის (გეოლოგიის დარგის სხვადასხვა მიმართულება, ნავთობისა და გაზის ძებნითი სამუშაოები, ქიმია, გეოქიმია, საინჟინრო გეოლოგია, გარემო, ნიადაგთმცოდნეობა, სამშენებლო მასალების სექტორი, მინისა და კერამიკის გადამუშავება და სხვ.).
გეოლოგიური ინსტიტუტის რამდენიმე თაობის მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის, აკადემიკოს ვიქტორ ხაინის მიხედვით: “Трудно переоценить значение вклада грузинской геологической школы, трех ее поколении, в геологию не только Грузии, но и Кавказа и даже всего Альпийско-Гималайского пояса”.