ა. ჯანელიძის სახ.
გეოლოგიის ინსტიტუტი
1925
  • ajig1925@gmail.com
ჩვენ შესახებ

ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული. იგი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა საქართველოში - დაარსებულია 1925 წლის 25 დეკემბერს.

ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს გეოლოგიის დარგში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას. ინსტიტუტის მისიაა, ძირითადად ფუნდამენტური და ასევე, გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი,  საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით.

გეოლოგიის ინსტიტუტის  ძირითად ამოცანას წარმოადგენს დედამიწის წიაღში და მის ზედაპირზე არსებული მოვლენების შესწავლის მიზნით, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების წარმოება და მათი შედეგების გავრცელება. ინსტიტუტში კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით, 5 სამეცნიერო განყოფილებაში. აქ მიმდინარეობს შემდეგი სამეცნიერო პრობლემების დამუშავება: საქართველოს მეზოზოური და კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფია, საქართველოსა და მომიჯნავე რეგიონების გეოლოგიური და გეოდინამიკური ევოლუცია, ტექტონიკური სტრუქტურების და მათი წარმოშობის მექანიზმის კვლევა, დედამიწის ქერქის უახლესი მოძრაობების ხასიათისა და სიჩქარის დადგენა, დედამიწის ქერქის ამგები ქანების ნივთიერი შედგენილობისა და მასში მიმდინარე მაგმატიზმისა და მეტამორფიზმის პროცესების კვლევა, სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიიის შესწავლა, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა და საქართველოს მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროქიმიური კვლევები, საბადოთა შესწავლა-შეფასება, მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენა. კვლევების შედეგად შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია სამეცნიერო სტატიების, მონოგრაფიების, ანგარიშების, რუკების და სხვ. სახით, ქვეყნდება საერთაშორისო და ადგილობრივ მაღალრეიტინგულ გამოცემებში.

ინსტიტუტში ფუნქციონირებს გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია, სადაც კვლევები ტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ბოლო წლებში, ინსტიტუტის მიერ შეძენილ იქნა ხელსაწყო-დანადგარებისა და ანალიტიკური აპარატურის  თანამედროვე მოდელები.

გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ინსტიტუტი ახორციელებს გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებს. კერძოდ: საქრთველოს ტერიტორიის სხვადასხვა მასშტაბის ციფრული გეოლოგიური რუკების შედგენა; საქრთველოს ტერიტორიაზე არსებული ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეულის სპეციფიკური დეტალიზებული მსხვილმასშტაბიანი ციფრული რუკების შედგენა; სეისმურ დარაიონებასთან დაკავშირებით, თბილისის მიდამოების ახალგაზრდა რღვევების შესწავლა; მეგზურების შედგენა და პოტენციური გეოპარკების შესწავლა საქართველოში გეოტურიზმის განვითარებისათვის;  საქართველოს ტერიტორიის ამგები ქანებისა და მინერალების მონოგრაფიული ატლასის შედგენა და სხვ.

1932 წლიდან ინსტიტუტი გამოცემს საკუთარ პერიოდულ ნაბეჭდ პროდუქციას - თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომებს. ინსტიტუტში მზადდება ახალგაზრდა კადრები. ინსტიტუტში აქტიურადაა ჩაბმული საერთაშორისო თანამშრომლობაში.