ა.წ. 4 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოსების ერეკლე გამყრელიძისა და დავით შენგელიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საზეიმო გახსნა და სამეცნიერო სესიის პლენარული სხდომა.
საიუბილეო სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. აკადემიკოს ერეკლე გამყრელიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა თამარ წუწუნავამ, აკადემიკოს დავით შენგელიას სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ კი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ფოფორაძემ. მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს გეოლოგიისა და მომიჯნავე დარგების ინსტიტუციების წარმომადგენლებმა.
5 მაისს, პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა სამეცნიერო სესიის მუშაობა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 26 სამეცნიერო მოხსენება. გამოქვეყნდა კონფერენციის თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კონფერენციის მუშაობის დასასრულს გაიმართა საიუბილეო ვახშამი.