შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის„ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ 2022 წ მოპოვებული გრანტით, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტმა შეიძინა ორი ხელსაწყო. გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიისთვის, აღნიშნული გრანტით შეძენილია იტალიური ფირმის „Optika” სტერეომიკროსკოპის (ბინოკულარის) თანამედროვე მოდელი. სტერეომიკროსკოპი ჩვეულებრივი მიკროსკოპისგან განსხვავებთ, გამოიყენება საგნების არა მარტო გასადიდებლად, არამედ მოცულობითი აღქმით დასათვალიერებლად. აღნიშნულ მიკროსკოპში, საგნის გამოსახულებები ქმნის სტერეოწყვილს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტების გამოსახულების გადაცემას იმის შესაბამისად, თუ როგორ ხედავს მას ცალ-ცალკე ადამიანის მარჯვენა და მარცხენა თვალი. ცნობილია, რომ ადამიანის თვალი ვერ არჩევს 150 მკმ ნაკლებ სტრუქტურებს 250 მმ კომფორტული დაკვირვების ოპტიკური მანძილიდან. 150 მკმ ნაკლები სტრუქტურების (მაგ., მიკროორგანიზმების, ცხოველური და მცენარეული უჯრედების, კრისტალების, მეტალებისა და შენადნობების მიკროსტრუქტურების დეტალების და სხვ.) დიგნოსტიკისთვის, გამოიყენება სწორედ ბინოკულარული სტერეომიკროსკოპები. მისი საშუალებით, შესაძლებელია განისაზღვროს მიკროობიექტების ფორმა, ზომები, აგებულება და ბევრი სხვა მახასიათებელი და აგრეთვე, მაკროობიექტების მიკროსტრუქტურებიც. სტერეომიკროსკოპი აღჭურვიალია გადიდების ფართო დიაპაზონის მქონე ოპტიკით, სპეციალური მაგიდით, განათების ბლოკით (გადამცემი, ანარეკლი და ირიბი სინათლე), კონტრასტული მეთოდების მრავალი სპექტრით (გამავალი შუქი, მუქი ველი, ღია ველი, ირიბი შუქი, პოლარიზაცია), და რაც მთავარია, დამატებითი კომპიუტერული მოდულით (ციფრული აპარატი, ან ვიდეოკამერა) და კიდევ სხვა ელემენტებით. მათ ახასიათებს დიდი სამუშაო მანძილი და კარგი სიმკვეთრის სიღრმე. გეოლოგიაში სტერეომიკროსკოპები სხვადასხვა მიმართულებაში გამოიყენება. კერძოდ: პეტროლოგიასა და მინერალოგიაში (მაგ., ქანების, მინერალების, შლამის, მადნეული მინერალების, მ.შ. პლატინის, ოქროს, ვერცხლის და სპილენძის თვითნაბადი მადნების განსაზღვრისა და შესწავლისათვის და სხვ.) და პალეონტოლოგიური მიზნებისთვის (განამარხებული ორგანიზმების შესწავლისა და მათი სახეობების განსაზღვრისათვის). აღსანიშნავია, რომ პალეონტოლოგიური კვლევის შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების საქმეში.
მეორე ხელსაწყო, რომელიც იმავე საგრანტო დაფინანსებით შეიძინა ინსტიტუტმა არის „Biobase” ფირმის ცენტრიფუგის თანამედროვე მოდელი. ლაბორატორიული ცენტრიფუგა არის სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს ნივთიერების შემსწავლელ ლაბორატორიებში. იგი გამოიყენება პეტროლოგიასა და მინერალოგიაში (მინერალოგიური კვლევისას მინერალების მძიმე თუ მსუბუქი ფრაქციების გამოსაყოფად, გეოქიმიური ანალიზისა და გეოქრონოლოგიური კვლევისთვის) და პალეონტოგიასა და პალინოლოგიაში (ფაუნისა და ფლორის სახეობების გამოსაყოფად). ხელსაწყოს მოქმედების პრინციპი ემყარება ცენტრიდანული ძალის შექმნას, რაც ზრდის ნებისმიერი ნარევის კომპონენტების განცალკევების სიჩქარეს. ნივთიერების გამოყოფა ცენტრიფუგაციით ემყარება ნაწილაკების განსხვავებულ ქცევას ცენტრიდანულ ველში. ამ ველში სხვადასხვა სიმკვრივის, ფორმის ან ზომის ნაწილაკები დეპონირდება სხვადასხვა სიჩქარით. ცენტრიფუგები ბევრად უფრო სწრაფ და ზუსტ შედეგებს გვაძლევს, ვიდრე კომპონენტების განცალკევების ისეთი „მოძველებული“ მეთოდები, როგორებიცაა დალექვა, გაცრა და სხვ.