ა. ჯანელიძის სახ.
გეოლოგიის ინსტიტუტი
1925
  • ajig1925@gmail.com
ლაბორატორია

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის გეოლოგიური კლვევის კომპლექსური ლაბორატორია წარმოადგენს გეოლოგიის დარგში ანალიზური კვლევის სხვადასხვა სპეციფიკის ლაბორატორიების ერთობლიობას. მასში გაერთიანებულია პალეონტოლოგიური, მიკროპალეონტოლოგიური და პალინოლოგიური კვლევის და ნივთიერებისა და გარემოს შემსწავლელი ლაბორატორიები. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული კვლევებისთვის აქ ფუნქციონირებს დამხმარე ერთეულები - მასალის პრეპარაციის ლაბორატორიები და სახელოსნოები, რომლებიც აღჭურვილია სრული ციკლის სამსხვრევი წისქვილებით, გამამდიდრებელი ლაბორატორიითა და შლიფებისა და ანშლიფების დასამზადებელი დაზგებით. კომპლექსურ ლაბორატორიაში გაერთიანებულია აგრეთვე, ლაბორატორიების ტექნიკური უზრუნველყოფსთვის საჭირო დამხმარე სახარატე და სადურგლო საამქროები. 

გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორიაა გეოლოგიური მიმართულების ლაბორატორიებს შორის, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყოებითა და დანადგარებით.

ნივთიერების კვლევისთვის შეძენილია თანამედროვე მაღალი რეზოლუციის ელექტრო­ნული პოლარიზაციული და მინერაგრაფიული მიკროსკოპები. მასალის მიკროსკოპული კვლევისთვის პრეპარატების მომზადება ხდება საშლიფე სახელოსნოში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარების კომპლექტით - Metkon GEOFORM, Metkon FORCIPOL, Metkon FORCIMAT, Metkon VACUMET. შლიფების შესწავლა ხორციელდება ამერიკული და იტალიური წარმოების ელექტრო-პოლარიზაციული (AmScope, Optika) და მინერაგრაფიული (Omax) მიკროსკოპების საშუალებით. ინსტიტუტს აქვს სტერეომიკროსკოპის (ბინოკულარის) თანამედროვე მოდელი, რომელიც აღჭურვილია გადიდების ფართო დიაპაზონის მქონე ოპტიკით, ციფრული ვიდეოკამერით და კიდევ სხვა მრავალი ახალი  ფუნქციური ელემენტით.

ანალიზური კვლევები სრულდება გერმანული წარმოების რენტგენოფლუორესცენციული (XRF) სპექტრომეტრის SPECTRO Analytical Instruments „SPECTRO-Geo“-ს გამოყენებით, რაც ნიმუშში ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის 47 ელემენტის განსაზღვრის საშუალებას იძლევა: Na-დან U-ის ჩათვლით. ნივთიერების კველვა ხდება, ასევე, რენტგენოდიფრაქციული მეთოდით დიფრაქტომეტრის ДРОН-2.0 გამოყენებით. გერმანული (Retsch - RS 200) და რუსული (ЩД 10) წარმოების თანამედროვე სამსხვრევი წისქვილების საშუალებით, ხდება ზემოთ აღნიშნული ხელსაწყოებისთვის პრეპარატების მოზადება. გამამდიდრებელი ლაბორატორია აღჭურვილია მოდერნიზებული სამსხვრევი წისქვილებით და მსხვრევის სრულ ციკლს მოიცავს (მსხვილიდან-პუდრამდე). უკანასკნელ პერიოდში ინსტიტუტმა შეიძინა ცენტრიფუგის თანამედროვე მოდელი, რომელიც გამოიყენება პეტროლოგია-მინერალოგიაში (მინერალების მძიმე თუ მსუბუქი ფრაქციების გამოსაყოფად მინერალოგიური კვლევისას, გეოქიმიური ანალიზისთვის და გეოქრონოლოგიური კვლევისთვის) და პალეონტოგია-პალინოლოგიაში (ფაუნისა და ფლორის სახეობების გამოსაყოფად).

გარემოს კვლევისთვის ინსტიტუტს აქვს  ხელსაწყო - ვერცხლისწყლის ანალიზატორი "Yuliya-5K, რომლის საშუალებით ხდება ვერცხლისწყლის შემცველობის გაანალიზება სხვადასხვა ნივთიერებაში (წყალში, სხვადასხვა სითხეში, საკვებ პროდუქტებში და სხვ.).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსურ ლაბორატორიაში დასაქმებულია უცხოეთის ქვეყნებში დატრეინინგებული და სერტიფიცირებული ოპერატორები.

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის გეოლოგიური კლვევის კომპლექსური ლაბორატორია დედამიწის შემსწავლელი და მისი მომიჯნავე დარგების მეცნიერებსა და პრაქტიკოს/მკვლევარებს, ასევე საინჟინრო და სოფლის მეურნეობის, ნიადაგმცოდნეობის, კვების მრეწველობის, ქიმიის, საინჟინრო გეოლოგიის, გარემოს, სამშენებლო მასალების სექტორის, მინისა და კერამიკის გადამუშავებისა და სხვ. სფეროების წარმომადგენლებს სთავაზობს შემდეგი სახის ანალიზურ მომსახურებას:

• ქიმიური ანალიზი რენტგენოფლუორესცენციული სპექტრომეტრის XRF გამოყენებით;

• მასალის პეტრო-მინერალოგიური და ლითოლოგიური შესწავლა (მიკროსკოპული აღწერა და ინტერპრეტაცია);

• მიკრო- და მაკროპალეონტოლოგიური ლაბორატორიული კვლევა (ნავთობისა და გაზის და ძვირფასი და ფერადი ლითონების საბადოების ძებნა-ძიებითი სამუშაოების მომსახურებისთვის);

• გამამდიდრებელი ლაბორატორიული სამუშაოები (ფრაქციის ხარისხი, კონცენტრაცია და სხვ.)

• მასალის მომზადება მიკროსკოპული შესწავლისთვის (შლიფები და ანშლიფები) თანამედროვე სტანდარტების შესაბამის უახლეს ხელსაწყოზე;

• საიუველირო ნაწარმის დიაგნოსტიკა მავნე ელემენტების შემცველობის თვალსაზრისით;

• მასალის სტერეომიკროსკოპული შესწავლა (მაგ., ქანების, მინერალების, შლამის, მადნეული მინერალების, მ.შ. პლატინის, ოქროს, ვერცხლის და სპილენძის თვითნაბადი მადნების განსაზღვრისა და შესწავლისათვის და სხვ., განამარხებული ორგანიზმების შესწავლისა და მათი სახეობების განსაზღვრისათვის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების საქმეში, არქეოლოგიური კვლევისთვის და სხვ.);

• გარემო პირობების კვლევა;

• ვერცხლისწყლის შემცველობის გაანალიზება სხვადასხვა ნივთიერებაში.

და ბოლოს, აღნიშნული ლაბო­რა­ტორია საუკეთესო სასწავ­ლო-პრაქტიკულ ბაზას წარმოადგენს სტუდენტების, მაგისტრან­ტებისა და დოქტორან­ტებისთვის.

 

კონტაქტი: 

ტელეფონი: 595 27 44 42

ელ. ფოსტა: lab.geolinst@gmail.com

 

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი:

ინფორმაცია სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანადგარების/აპარატურის და სპეციალური შენობების/ტერიტორიების შესახებ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით