34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს შორის აღარ არის გამოჩენილი მეცნიერი, ქართული გეოლოგიური სკოლის უბრწყინვალესი წარმომადგენელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პეტრე გამყრელიძე. დღეს, უკვე ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეიძლება შეფასდეს მისი განუზომელი ღვაწლი გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ხალასმა ნიჭმა, საქმისადმი უსაზღვრო სიყვერულმა, ღვთის მიერ მომადლებულმა გეოლოგიურმა ალღომ განაპირობა ის, რომ პ. გამყრელიძის ყოველი შრომა და დაკვირვება ახალი სიტყვა იყო ქართულ გეოლოგიაში. მისი ფუძემდებლური მონოგრაფიები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ყველა გეოლოგისთვის სამაგიდო წიგნებად გადაიქცა, საფუძვლად დაედო კავკასიის რეგიონში ჩატარებულ თითქმის ყველა გეოლოგიურ კვლევას. პ. გამყრელიძის მაღალი დონის მეცნიერულმა შედეგებმა, გეოლოგიაში და სამეცნიერო საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებულმა პრინციპულმა, მართალმა და ჭეშმარიტად მაღალზნეობრივმა პოზიციამ, იგი იმთავითვე ქართული გეოლოგიური სკოლის შეუცვლელ ლიდერად და მის აქტიურ მშენებლად აქცია.
პ. გამყრელიძე დაიბადა 1903 წლის 16 მაისს მთიანი რაჭის სოფ. სომიწოში, აზნაურ დიანოზ გამყრელიძის მრავალშვილიან ოჯახი. საშუალო განათლება მან ქ.ონში მიიღო. შემდეგ, ერთი წელი, სოფ. ღებში მასწავლებლობდა შვიდწლიან სკოლაში. 1924 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე; 1930 წელს დაამთავრა ამ ფაკულტეტის ბაზაზე ახლად ჩამოყალიბებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. შრომისმოყვარე, გეოლოგიაზე უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდამ სტუდენტობიდანვე მიიქცია ცნობილი მეცნიერის, პროფესორ კ. გაბუნიას ყურადღება, რომელმაც იგი 1928 წელს გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე პრეპარატორის თანამდებობაზე მიიღო. ამის შემდეგ, პ. გამყრელიძემ მეცნიერ-პედაგოგის ყველა იერარქიული საფეხური - ლაბორანტიდან პროფესორამდე განვლო, ხოლო 10 წლის შემდეგ კი უკვე სათავეში ჩაუდგა აღნიშნულ კათედრას, რომელსაც 2 ათეულ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა.
პ. გამყრელიძისთვის უფრო ფართო და მნიშვნელოვან სარბიელს მაინც სამეცნიერო სამუშაო წარმოადგენდა, სადაც მისი თვითნაბადი ნიჭი განსაკუთრებულად გაბრწყინდა. მისი პირველივე შრომები ბუნებრივი მოვლენების ღრმა მეცნიერული ანალიზისა და ზუსტი დაკვირვებების თალსაზრისით, დღესაც სანიმუშოა. დიდია პ.გამყრელიძის დამსახურება კავკასიონის ფიქლების სერიის სტრატიგრაფიის გარკვევაში. მან სვანეთში აღმოაჩინა ადრესინემურული და გვიანპლინსბახური ამონიტები და ფიქლების სერიის ნალექებში ფაუნისტურად დასაბუთებული ლიასურის ქვედა და შუა ქვესექციები გამოყო.
ამის შემდგომ, ლოქის მასივის კრისტალურ ფუნდამენტზე განლაგებულ მეზოზოურ დანალექ საფარში, ქარსიანი ქვიშაქვების შრეებში პ. გამყრელიძემ პირველმა აღმოაჩინა განამარხებული ფაუნის მდიდარი ნაშთები, რომელთა შორის თვითონვე განსაზღვრა არქისტრატიგრაფიული ფორმები და მათი გამოყენებით, აღნიშნულ ქანებში პალეონტოლოგიურად დასაბუთებული ქვედა ლიასური გამოყო. მანვე სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ანდეზიტ-ბაზალტური შედგენილობის ვულკანოგენურ-დანალექი წარმოქმნები პორფირიტულ სერიაში გააერთიანა და მისი ბაიოსური ასაკი ფაუნისტურად დაადგინა. პ. გამყრელიძემ დანალექი საფარის ზედა ნაწილის ტერიგენულ-ვულკანოგენურ ქანებში გამოყო 4 ლითოლოგიური ერთეული და თითოეულ მათგანში, ნაპოვნი ნუმელიტების ნაშტებით, შუა ეოცენურის არსებობა დაასაბუთა.
სამხრეთ საქართველოში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ჩაისახა ართვინ-სომხითის (ართვინ-ბოლნისის) ბელტის ცნება. მთელი არსებული გეოლოგიური მასალის ანალიზის საფუძველზე, პ. გამყრელიძე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ართვინის, ხრამისა და ლოქის კრისტალური მასივები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ერთი დიდი გეოტექტონიკური ერთეულის - ართვინ-სომხითის ბელტის გაშიშვლებულ ნაწილებს წარმოადგენს.
მარცხნიდან მარჯვნივ: გიგა ჭელძე, არჩილ ცაგარელი, გიორგი ზარიძე და პეტრე გამყრელიძე
1948 წელს, პ. გამყრელიძემ აჭარა-თრიალეთის ქვედაპალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიის და ტექტონიკის საკითხებზე გამოაქვეყნა წერილი. მისი ახალი მონაცემები საფუძვლად დაედო ამ ნალექების ასაკობრივი და ლითოლოგიური დანაწილების სქემას, რომელშიც მან გამოყო პალეონტოლოგიურად დასაბუთებული პალეოცენ-ქვედაეოცენური ფლიშური და შუაეოცენური ვულკანოგენური ფორმაციები და თითოეული მათგანი უფრო დაბალი რანგის ლითოსტრატიგრაფიულ ერთეულებად დაანაწილა. აქვე დაადგინა ლარამული ოროფაზისის გამოვლინება, რაც ფლიშური ნალექების ცარცულზე ტრანსგრესიული განლაგებით აისახა; მან აგრეთვე, გამოყო სრულიად ახალი, გვიანეოცენურამდელი ოროგენული ფაზისი, რომელსაც თრიალეთური უწოდა.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პ. გამყრელიძის მოღვაწეობა თავიდანვე მჭიდროდ უკავშირდებოდა პრაქტიკული, ანუ გამოყენებითი გეოლოგიის პრობლემებს. წლების განმავლობაში, იგი სისტემატურად ხელმძღვანელობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს პარტიებს. მისი უშუალო მონაწილეობით, ჩატარდა გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები ძირულის მასივის ცეცხლგამძლე თიხებისა და მარმარილოს საბადოებზე, კარობის მოლიბდენის, ძამის მაგნიტური რკინის, ჩათახის რკინის საბადოებზე და სხვ. მან შეისწავლა კავთისხევის ნავთობის საბადოს ტექტონიკური აგებულება. პ.გამყრელიძის მიერ საინჟინრო-გეოლოგიური მნიშვნელობის სამუშაოებიც იყო შესრულებული ზაჰეს-რიონჰესის ელექტროგადამცემი ხაზის და ბულაჩაური-თბილისის წყალსადენის ტრასაზე. მაგრამ, განსაკუთრებით დიდია პ. გამყრელიძის დამსახურება გეოლოგიური აგეგმვის საქმეში. მან ფეხით შემოიარა თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორია და პირადი დაკვერვებების საფუძველზე, შეადგინა სხვადასხვა მასშტაბისა და ხასიათის რუკები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს უდიდეს მნიშვნელობას - მათ გარეშე შეუძლებელია გეოლოგიის რომელიმე დარგში კარდინალური საკითხების გადაწყვეტა.
ბუნებრივია, ასეთი დიდი მოცულობის სამუშაოების შემდეგ, პ. გამყრელიძის ხელში უმდიდრესმა ფაქტობრივმა მასალამ მოიყარა თავი, რომელიც მან შეაჯამა სადოქტორო დისერტაციაში „აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის გეოლოგიური აგებულება“. ეს იყო მის მიერ საქართველოს სამხრეთ ნაწილში ჩატარებული მრავალწლიანი დაუცხრომელი მუშაობის საუცხოო განზოგადება, რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა დიდტანიანი მონოგრაფიის სახით. მასში უმთავრესად აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის სტრატიგრაფიის, ვულკანიზმის, ტექტონიკის, გეოლოგიური ევოლუციისა და სხვა საკვანძო საკითხებია გაშუქებული, თუმცა, მოსაზღვრე ბელტების გეოლოგიურ დახასიათებასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შესწავლილ ტერიტორიაზე გავრცელებული ნალექების სიმძლავრეების, ფაციესებისა და ტექტონიკური თავისებურებების ღრმა ანალიზის საფუძველზე, პ. გამყრელიძემ უაღრესად მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადრეცარცული ეპოქის ბოლო - ალბურ საუკუნემდე პერიოდში ცენტრალური და სამხრეთ საქართველოს, ჩრდილო სომხეთისა და აღმოსავლეთ ანატოლიის ტერიტორიაზე არსებობდა ერთიანი ამიერკავკასიის ფილაქანი, რომლის ცენტრალური ნაწილი ალბურის დასაწყისიდან თანდათან დაიძირა და გეოსინკლინურ როფად გადაიქცა. ამ გეოლოგიური მოვლენის შედეგად, ერთიანი ფილაქნის ნაცვლად ინდივიდუალური განვითარების და ისტორიის მქონე სამი გეოტექტონიკური ერთეული წარმოიქმნა - საქართველოს ბელტი, აჭარა-თრიალეთის გეოსინკლინური სისტემა და ართვინ-სომხითის ბელტი. დასახელებული ბელტების მეზოზოურამდელი სუბსტრატის შვერილების (ძირულის, ხრამის, ლოქის მასივების) გრანიტულ-მეტამორფული კომპქლექსის ამგები წარმონაქმნებისთვის, პ. გამყრელიძემ ასაკობრივი თანამიმდევრობის სქემა შეიმუშავა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თივისი მნიშვნელობა. მონოგრაფიაში მეტად საგულისხმო დასკვნებია გამოთქმული აჭარა-თრიალეთისა და მოსაზღვრე რეგიონების ვულკანიზმის შესახებაც. აქვე მოყვანილია საინტერესო დასკვნა, რომ მაგმური ციკლების მძლავრი ეფუზური ფაზები დაკავშირებულია რეგიონული მასშტაბის დაღმავალ მოძრაობებთან, ხოლო ინტრუზული ფაზები კი - ოროგენულ ფაზისებთან.
აღნიშნული მონოგრაფია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის შესახებ დიდი მეცნიერული ღირებულების გამოკვლევაა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ შრომის გარეშე, აღნიშნული რეგიონისა და საერთოდ კავკასიის გეოლოგიური აგებულების უმნიშვნელოვანესი პრობლემის შესწავლა წარმოუდგენელია.
გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან პ. გამყრელიძის შრომებში საქართველოს ტექტონიკის ფუძემდებლური საკითხების კვლევას კიდევ უფრო წამყვანი ადგილი უკავია. ის განსაკუთრებით დიდხანს ამუშავებდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კავკასიის, ძირითადად კი საქართველოს, გეოტექტონიკურ ზონებად დანაწილება (გეოტექტონიკური დარაიონება). ამ მხრივ, პირველი წარმატებული ცდაა 1951 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელშიც ისტორიულ ასპექტშია გაშუქებული გეოტექტონიკური ერთეულების არსებობა და განვითარება. უმთავრესი ყურადღება ეთმობა ალბური საუკუნიდან არსებულ მსხვილ გეოტექტონიკურ ელემენტებს. აქ არსებით სიახლეს წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთის ფერდობის დანაოჭებულ სისტემაში სამი ზონის - აფხაზეთის, სვანეთის, რაჭა-თიანეთისა და კახეთის როფის გამოყოფა და მათი სტრუქტურული თავისებურების გაშუქება.
მომდევნო წელს, პ. გამყრელიძის ხელმძღვანელობით, სოფ. ცხანარის მიდამოებში ჩატარებულმა სამუშაომ მნიშვნელოვნად შეცვალა წარმოდგენა აქ განვითერებული მეზოზოური კარბონატული ფაციესების სტრატიგრაფიაზე. გაირკვა, რომ ფაუნის ნაშთები, რომლის საფუძველზე წინა მკვლევარების მიერ შრეებრივი კირქვები გვიანიურულად თარიღდებოდა, მეორად განლაგებაში არიან და მათი გამოყენებით, შემცველი შრეების ასაკის დადგენა შეცდომა იყო. ახლად შეგროვილი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე, კარბონატულ წარმონაქმნებში (კირქვებსა და მერგელებში) გამოიყო პალეონტოლოგიურად კარგად დასაბუთებული ქვედაცარცულის ვალანჟინური, ჰოტრივული, ბარემული და აპტური სართულები და ალბური ქვესართული, აგრეთვე ზედაცარცულის სენომანური და დანიური სართულები.
1953 წელს, პ. გამყრელიძემ გამოაქვეყნა რეგიონულ-ტექტონიკური ხასიათის შრომა მუხრან-ტირიფონის თანამედროვე დეპრესიის ბუნების შესახებ. მისი შეხედულებით, მუხრან-ტირიფონის ტექტონიკური ერთეული ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაძვრას კი არ განიცდიდა, როგორც ზოგი გეოლოგი ფიქრობდა, არამედ ადრეიურულიდან დაწყებული (შესაძლებელია უფრო ადრეც) ოლიგოცენამდე აზევებულ ხმელეთს წარმოადგენდა და გადარეცხილი ტექტონიკური მასალით ამარაგებდა მის ჩრდილოეთით განლაგებულ კავკასიონის სამხრეთი ფერდობის გეოსინკლინურ აუზს, სამხრეთით კი - აჭარა-თრიალეთის გეოსინკლინს. თვით დეპრესიაში მხოლოდ შუამოიცენურიდან იწყება მოლასური ნალექების დაგროვება.
პარალელურად პ. გამყრელიძე სწავლობდა სეისმურად აქტიური ახალქალაქის ზეგნის და მისი მომიჯნავე რაიონების ტექტონიკური განვითარების ისტორიას მიწისძვრების პროგნოზირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეტად თავისებური გეოლოგიური აგებულების რეგიონში არაერთი გეოლოგი მუშაობდა, დღის წესრიგში მაინც იდგა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც ახლებურ ინტერპრეტაციასა და შესწავლას მოითხოვდა. პ. გამყრელიძის კვლევებმა აქაც, ისევე როგორც ყველგან, მრავალი სიახლე შეიტანა.
1955 წელს, პ. გამყრელიძე აკადემიკოს ა. ჯანელიძის რეკომენდაციით, დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად. ამ თანამდებობაზე იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მოღვაწეობდა. იმავე წელს, პ. გამყრელიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 5 წლის შემდეგ - აკადემიკოსად. მისი ხელმძღვანელობით, გეოლოგიის ინსტიტუტი გაფართოვდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ერთ-ერთი მოწინავე სამცნიერო დაწესებულება გახდა.
1960 წელს, პ. გამყრელიძე მონაწილეობდა დანიის და შვეციის საერთაშორისო კონგრესის XXI სესიის მუშაობაში, სადაც წარსდგა მოხსენებით „საბჭოთა კავშირის სამხრეთ ალპური სარტყლის მეზო-კაინოზოური ოროგენული ფაზისები“. ეს მეტად რთული პრობლემა ა. ჯანელიძეს უკვე ქონდა გაშუქებული რამდენიმე სტატიაში. ცხადია, რომ მის შემდეგ, ახალი სიტყვის თქმა არ იყო ადვილი. მაგრამ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, პ. გამყრელიძე მდიდარ მასალას ფლობდა სტრატიგრაფიაში, ლითოლოგიასა და ტექტონიკაში, რამაც მას საშუალება მისცა შეევსო ა. ჯანელიძის წარმოდგენები ოროფაზისების შესახებ, დაეზუსტებინა და უფრო დიდ ფართობზე განევრცო.
1963 წელს, პ. გამყრელიძის ყურადღების ცენტრში სვანეთის რეგიონი მოექცა. უფრო ზუსტად კი მისი ის ნაწილი, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის და სამხრეთი ფერდობის მიჯნაზეა განლაგებული. ამ ურთულესი რელიეფით გამორჩეულ რეგიონში ჩატარებული კვლევები დასრულდა სრულიად ახალი აღმოჩენებით. გამოვლინდა დიზუნქტიური დისლოკაციების რთული სისტემა; დადგინდა სამი გასწვრივი (ურთვირის სხლეტა, უშბის და ქვიში-ტვიბერის შეცოცებები) და ოთხი გარდიგარდმო (შტავლერ-იალბუზის, ნაკრის, ლადევალის და უშბის) რღვევა, კავკასიონის ყველაზე მაღლა აზევებული კრისტალური გულის ჰეტეროგენული ბუნება. ახალმა მონაცემებმა შეცვალა წარმოდგენები მთავარი შეცოცებების ბუნების შესახებ. გაირკვა, რომ კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმის და სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემის გამყოფი ხაზი (მთავარი შეცოცება) რთული ხასიათისაა და რამდენიმე რღვევისგან შედგება.
კავკასიონის მთავარი ქედის ფარგლებში, მდ. დოლრას სათავეებში, პ.გამყრელიძემ პირველმა შეამჩნია თავისებური დანალექი წარმონაქმნები, რომლებიც ქვიშის წყების სახელწოდებით გამოყო. გ. ჩიხრაძესთან ერთად, მან შეგროვილი მხარფეხიანების ფაუნის საფუძველზე, მისი ასაკი კარბონულად განსაზღვრა. მან დაადგინა, რომ წყება ტრანსგრესიულად იფარება ლიასური ნალექებით და ამ უკანასკნელთან ერთად, მონაწილეობს სინკლინური ნაოჭის აგებულებაში. მანვე პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამხრეთ ფერდობზე ფართოდ გავრცელებული დიზის სერიის წარმონაქმნები, კარბონულის გარდა, პერმულ-ტრიასულ სისტემებსაც მოიცავს.
პ. გამყრელიძის უშუალო მონაწილებით და რედაქტირებით, გეოლოგიურ ინსტიტუტში მომზადდა ფუნდამენტური მონოგრაფია საქართველოს გეოლოგიური აგებულების შესახებ, რომელშიც თავი მოიყარა გეოლოგიის სხვადასხვა დარგის წამყვან მეცნიერთა მრავალწლიანი მუშაობის შედეგებმა. ნაშრომი გამოქვეყნდა 1964 წელს და მან საქართველოს სახელმწიფო პრემია დაიმსახურა.
ამავე წელს, გამოქვეყნდა პ. გამყრელიძის მოხსენება საქართველოს სიღრმული რღვევების შესახებ, რომელიც მან საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის XXII სესიაზე წაიკითხა. როგორც ცნობილია, მიწის ქერქის ასეთი სტრუქტურული ელემენტები ხასიათდება დიდი სიღრმით (მთლიანად კვეთს ლითოსფეროს), განვითარების ხანგრძლივობით (მოიცავს ერთ, ორ და მეტ გეოლოგიურ პერიოდს) და ბლოკების მონაცვლეობითი გადაადგილებით. ასეთი დისლოკაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიწის ქერქის გეოლოგიურ აგებულებაში.
ეს წელი კიდევ ორი მნიშვნელოვანი ნაშრომით აღინიშნება - მოსკოვში გამოიცა 1:600000 მასშტაბის საქართველოს ტექტონიკური და გეოლოგიური რუკები. იგი პირველი რუკის უშუალო შემდგენელი იყო, ხოლო მეორე რუკის კი - რედაქტორი და თანაავტორი.
მომდევნო 1965 წელს, გეოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარდა პირველი ფართო მასშტაბის საერთაშორისო კოლოქვიუმი, რომელიც მიეძღვნა ევროპისა და მცირე აზიის ალპური ნაოჭა სისტემის ტექტონიკას. კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობდა თითქმის ყველა კონტინენტის წამყვანი გეოლოგიური დაწესებულების 100-მდე წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები. ამ საერთაშორისო ღონისძიების სულის ჩამდგმელი პ. გამყრელიძე იყო. მან შეადგინა მოხსენებების თემატიკა და მეგზურები ექსკურსიებისათვის, რომელშიც გაშუქებულია საქართველოს ცალკეული რაიონის გეოლოგიური საკითხები. კოლოქვიუმი მაღალ მეცნიერულ დონეზე ჩატარდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა პ. გამყრელიძის პიროვნებამ. ყველა მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა მისი გეოლოგიური აზროვნებით, შესაშური ენერგიით, უსაზღვრო ენთუზიაზმით და პროფესიის ღრმა ცოდნით.
კოლოქვიუმს მიეძღვნა მოსკოვში გამოცემული ევროპის ტექტონიკური რუკა, რომლის ერთ-ერთი ავტორი პ. გამყრელიძე იყო. ამ წელს, მოსკოვში გამოქვეყნდა მისი ორი მოხსენება: 1. „კავკასიის გეოლოგიის განვითარების ისტორია და მისი ადგილი ალპურ ნაოჭა სისტემაში“, რომელიც წაიკითხა ბულგარეთში, კარპატ-ბალკანეთის გეოლოგიური ასოციაციის VII ყრილობის სესიაზე და 2. „ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნების ფორმირების პირობები აჭარა-თრიალეთის გეოსინკლინში“, რომელიც მან წარადგინა VI საკავშირო ლითოლოგიურ თათბირზე.
1968 წელს, პ. გამყრელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გეოლოგიურ კონგრესის XXIII სესიის მუშაობაში, სადაც მან ა. ცაგარელთან ერთად, წარადგინა მოხსენება კავკასიის სტრუქტურული განვითარების თავისებურებების შესახებ ალპურ ციკლში. მასში პირველად არის ნაჩვენები კავკასიის სტრუქტურების ასაკობრივი დიფერენციაცია, რომელთა ფორმირება მჭიდროდ არის დაკავშირებული ალპური ციკლის ოროფაზისებთან.
70-იანი წლების პირველ ნახევარში, დასრულდა მნიშვნელოვანი კოლექტიური კარტოგრაფიული სამუშაო - კავკასიის 1 000 000 მასშტაბის ტექტონიკური რუკა, რომელიც პ. გამყრელიძის რედაქტორობით მოსკოვში გამოიცა. აქვე, მისი თანაავტორობით დაისტამბა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთი ნაწილის ტექტონიკური დარაიონების 1:2 500 000 მასშტაბის რუკა.
ამ წლებისთვის დამახასიათებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. თბილისში ჩატარდა ინდოეთ-საბჭოთა კავშირის II სიმპოზიუმი, რომელიც კავკასიისა და ჰიმალაების შედარებითი გეოლოგიის საკითხებს მიეძღვნა. აქაც, პ. გამყრელიძის ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილებით, შესრულდა დიდი მოსამზადებელი სამუშაოები; მისი რედაქტორობით გამოიცა ექსკურსიების ორი მეგზური. სიმპოზიუმზე თანაავტორებთან ერთად წაკითხული მოხსენება - „კავკასიის გეოლოგიური აგებულების ძირითადი თავისებურებანი“ გამოქვეყნდა ინდოეთში, 1977 წელს.
იმავე წელს, პ. გამყრელიძის თანაავტორობით, გამოქვეყნდა კიდევ ერთი ბრწყინვალე მონოგრაფია, რომელშიც აისახა კავკასიონის სამხრეთი ფერდობის აღმოსავლეთ ნაწილში ე. გამყრელიძესთან ერთად ჩატარებული ხანგრძლივი კვლევის შედეგები. ავტორების მიერ, მდიდარი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე, დასაბუთდა ფლიშური ზონის მთელი სამხრეთი ნაწილის შარიაჟული აგებულება. მრავალი წლის შემდეგ, სრულიად ახლებურად აღორძინდა კონცეფცია კავკასიონის სამხრეთი ფერდობის შარიაჟული აგებულების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30 -იან წლებში გამოთქვეს ე. რენგარტენმა და ნ. ვასოევიჩმა.
ამ შრომაში პირველად გამოითქვა მოსაზრება, რომ კავკასიონის სამხრეთის ფერდობის შარიაჟებთან ერთად მოწყვეტილი და შარირებულია მტკვრის მთათაშუა როფის მოლასური საფარიც. ეს მოსაზრება შემდგომში მთლიანად დადასტურდა გარეკახეთის ზონაში გაბურღული ნავთობის ჭაბურღილებით და გეოფიზიკური მონაცემებით. შრომაში ნაჩვენებია აგრეთვე, რომ შარიაჟების წარმოშობა დაკავშირებულია სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემის ინტენსიურ შეკუმშვასთან, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ბელტის ჩრდილოეთისკენ გადაადგილებით და ნაოჭა სისტემის ქვეშ ქვეცოცებით. ეს მექანიზმი იძლევა კავკასიონის სისტემის მკვეთრი ასიმეტრიის ყველაზე მეტად მისაღებ ახსნას და, ამასთან ერთად, გამორიცხავს ნებისმიერი სახის ფიქსისტურ მოსაზრებას.
პ. გამყრელიძის მთელ მეცნიერულ მემკვიდრეობაზე მოკლედ საუბარი შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ გარკვევით ითქვას, რომ თითოეული მისი ნაშრომი გამოირჩევა კვლევის სიღრმით, მოპოვებული მასალის ყოველმხრივი ანალიზითა და დეტალური განზოგადებით. თითქმის ყველა ნაშრომთან დაკავშირებით შეიძლება გამოვიყენოთ გამოთქმები - პირველად დაადგინა, პირველმა აღმოაჩინა და ა.შ. მის შრომებს გეოლოგების არაერთი თაობა იყენებდა და იყენებს დღესაც. პ. გამყრელიძის ხელმძღვანელობით ათობით მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი აღიზარდა.
პ. გამყრელიძე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ევროპის ტექტონიკური რუკის შემდგენელი კომისიის და ჟურნალ „საბჭოთა კავშირის გეოლოგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საბჭოთა კავშირის ტექტონიკური კომიტეტის კავკასიის სექციის თავმჯდომარე, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მეცნიერებისა და ტექტონიკის დარგის ლენინური პრემიების კომიტეტის გეოლოგიისა და გეოგრაფიის სექციის წევრი, საბჭოთა კავშირის საუწყებათშორისო ტექტონიკური კომიტეტის წევრი. 1971 წელს იგი საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრად აირჩიეს. პ. გამყრელიძის დიდი დამსახურება სამშობლოს წინაშე მაღალი ჯილდოებით - ორდენებით და მედლებით აღინიშნა. დიდია გამოჩენილი მეცნიერის პ. გამყრელიძის წვლილი გეოლოგიის ინსტიტუტის განვითარებაში, საქართველოს გეოლოგიისა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი ფუძემდებლური საკითხების კვლევაში, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია მის მიერ მიღებული სამეცნიერო შედეგები და გეოლოგთა მომავალი თაობებისთვის დატოვებული მემრვიდრეობა. დღემდე არ გაფერმკრთალებულა პ. გამყრელიძის დამსახურება ქართულ გეოლოგიაში და სანამ იარსებებს გეოლოგიის ინსტიტუტი მისი სახელი დავიწყებას არ მიეცემა.